რეგიონი
აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. შესაბამის დოკუმენტს წყალმომარაგების კომპანიასა და გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანია "ეკოფრე"-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.

აბასთუმანში არსებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ამორტიზებულია და წლებია არ ფუნქციონირებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს. სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 7 420 000 ლარი მოხმარდება.

"ახალი გამწმენდი ნაგებობა, ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს", - წერია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ დროისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბასთუმანში კიდევ ორ პროექტს - წყალმომარაგების სისტემის II ეტაპისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ასევე, ეწყობა წყალარინების ახალი ქსელი. ორივე პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
| Print |