რეგიონი
რუსეთს საქართველოს მიწები არ უნდა - კრემლის პროპაგანდა
შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას. აღნიშნულის შესახებ განცხადება, 15 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტმა გაავრცელა.

რუსეთთან დიალოგის მოწოდების მოთხოვნით, 2019 წელს, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, რამდენჯერმე იმყოფებოდა კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი. მან ამ პერიოდის განმავლობაში რეგიონში პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნება და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილების გაჟღერება ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე არაერთხელ შეძლო.

ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც "ქართველ და რუს ხალხთა ერთობის ფონდის" პრეზიდენტიცაა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ახალციხეში ადგილობრივებს 2019 წლის 20 ოქტომბერს მესამედ შეხვდა. ხომერიკი შეკრებილებს რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხდება, ოკუპაცია არ არის.

,,ამას რუსეთი არ აკეთებს, რუსული ჯარი არ აკეთებს. 2,5,9 მეტრი მიწა რუსეთს არ აინტერესებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ: ყირიმში ხომ ჩაატარე რეფერენდუმი? ჩვენც ჩაგვატარებინე აფხაზეთში და გავიგოთ, რა უნდა ხალხს", - განაცხადა ხომერიკმა ადგილობრივებთან შეხვედრისას.

კრემლთან დაახლოებული წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას და რუსული ინტერესების გატარებას წლებია ცდილობს. მისი განცხადებების იდენტურია ახალქალაქის სოფელ ხულგუმოს მოსახლეობის ნაწილის პოზიცია, რომელიც „მეცხრე არხმა“ ადგილზე ჩაწერა.

,,ეს ყველაფერი ხელოვნურად არის შექმნილი, აი, მაგალითად საქართველოში ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.. რა, რუსეთს ცოტა მიწები აქვს? მე არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტია. იმეგობრონ და ნახავთ, რუსეთი მაშინვე საქართველო გახდება და პირიქით. იქნებიან ისე, როგორც ადრე იყო. გაერთიანებული კი არა, მეგობრული სახელმწიფოები გახდებიან. რაში ჭირდება რუსეთს საქართველოს მიწები? მიწებიც დაუბრუნდება საქართველოს ავტომატურად, ხალხიც სადაც მოისურვებს, იქ იცხოვრებს“ - ამბობენ ხულგუმოში.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |