რეგიონი
“ჩაკეტილი საზღვრების გამო, უმუშევრად დავრჩით“ - სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები
სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მაცხოვრებლები, რომლებიც ემიგრაციაში, სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დამოკიდებულნი, თებერვლის ბოლოს ტრადიციულად რუსეთში წასვლას აპირებდნენ, როცა კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა. მათი ოჯახები მთელი წლის განმავლობაში, მომავალ გაზაფხულამდე შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების მკვიდრი პოღოს მურადიანი ოჯახს სეზონური სამუშაოთი არჩენს. ის რუსეთში ყოველ წელს მიდიოდა, სადაც ქალაქ მოსკოვში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა.

„ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო რუსეთში წასვლა და ერთი-ორი კოპიკის მიღებაა. ახლა კი არც შემოსავალი მაქვს და არც არაფერი. ამ პანდემიამ არა მარტო მე, არამედ მთელი ჩვენი სოფელი დააზარალა. მამაკაცები ვერ მიდიან სეზონურ სამუშაოებზე და ერთი თვე რომ კიდევ ასე ვიყოთ, არ ვიცი რა გვეშველება.
ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება საზღვრები და წავალ აქედან, რადგან აქ ჩემთვის არანაირი სამუშაო არ არის“,
- გვითხრა პოღოს მურადიანმა.

სამცხე-ჯავახეთში შრომისუნარიანი მამაკაცების უმეტესობა სოფელს ადრე გაზაფხულზე ტოვებს და ოჯახებს ზამთარში უბრუნდებიან. თვეების განმავლობაში სახლებში მხოლოდ ქალები და მცირეწლოვნები რჩებიან, რომლებსაც ჯავახეთში მიწის დამუშავება და კარტოფილის მოყვანა უწევთ.

ჯავახეთის მოსახლეობა საზღვრების გახსნას და რუსეთში ეპიდემიოლოგიურ ვითარების გაუმჯობესებას ელის. ამაზეა დამოკიდებული რითი ირჩენენ თავს მთელი წლის განმავლობაში. საზღვრების გახსნაში ხედავს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოინიც.

პარლამენტის წევრი მართველი პარტიიდან tv9news.ge-სთან ამბობს, რომ ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემის შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე აცნობა.

„ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაცხოვრებლებიდან დაახლოებით 20 000 პირი გადადის რუსეთში სამუშაოდ. აქედან წელს წასვლა მხოლოდ 20%-მა მოახერხა, დანარჩენი 80% დარჩენილია ჯავახეთში. მე ყველა უწყებას გავაგებინე მოსახლეობის ამ პრობლემის შესახებ. ალბათ ერთ თვეში გაიხსნება საზღვრები და ეს ადამიანები გადავლენ, იმუშავებენ და ზამთარში ისევ დაბრუნდებიან. მანამდე ზოგმა სხვაგან ნახა სამსახური, ზოგი მიწებზე სოფელში მუშაობს“ - გვითხრა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ენზელ მკოიანისაგან განსხვავებით, რუსეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული პირების პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ახალციხე-ადიგენის მაჟირიტარ დეპუტატს. გია კოპაძე ამბობს, რომ ამ საკითხით მისთვის არავის მიუმართავს. სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ პრობლემა გლობალური იქნება და საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიიტანს. მანამდე კი ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ურჩევს დახმარებისათვის თვითმართველობას მიმართონ.

„ნამდვილად არ იქნება კარგი, რომ ეს ადამიანები გადავიდნენ, პანდემიასთან დაკავშირებით როგორი საშინელი მდგომარეობაა რუსეთში ხომ ხედავთ. ჩემთვის არ მოუმართავთ, თუკი მომმართავენ დავინტერესდები ამ საკითხით და პრობლემა არ არის. მაგრამ არა მგონია ასეთი ბევრი ადამიანი იყოს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დარჩა რუსეთში. მაგრმა ვინც შემოვიდა უნდა დავეხმაროთ უცილებლად. პრობლემაში გარკვევაა საჭირო და მე გავერკვევი. მათ უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმარველობას“, - ამბობს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე.

სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთჯერადი დახმარება ამ კატეგორიის პირებისთვისაც მიეცა. 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ორი პირობა არსებობს - მოქალაქე 2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, საზღვარგარეთ 30-დან 120 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნამყოფი, ან 2019 წლის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს 60 ან მეტი საზღვრის კვეთა.

„300 ლარი - ეს ხომ სასაცილო თანხაა? სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ მხრივ, რომ მოიძიოს დონორები, პროექტები, თანხები მაგალითად, ფერმერული მეურნეობების დასაფინანსებლად. ჩვენი რეგიონი სოფლის მეურნეობის კუთხით განსაკუთრებულია. ამ მხრივ სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენი მოქალაქეებისათვის რუსეთის საზღვრის გახსნა წამგებიანია, რა უნდა გააკეთონ იქ. სად 15 მილიონიანი გაჭირვებული ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სამსახურით ვერ უზრუნველყოფს და სად 300 მილიონიანი დასავლეთის განვითარებული ქვეყნები“,
- ამბობს საქართველოს ყოფილი დესპანი სომხეთში გოჩა გვარამაძე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანა რუსეთია - წერია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2019 წლის ანაგრიშში. ამავე დოკუმენტის საფუძველზე, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ოდენობაც, საქართველოში ჩრდილოელი მეზობლისგან შემოდის. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ დროა საქართველოს მოქალაქეებმა დასაქმებისათვის სხვა, თუნდაც ევროპული ქვეყნები შეაჩიონ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |