რეგიონი
სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი „სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების პირველ ეშელონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლისა და უეცარი შემოწმების დაწყების მიზეზი სომხეთის მთავრობაში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების გამო გაჩენილი შიშია. თუკი სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე თქმით, სომეხმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს, „სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს“.

ცნობისათვის, დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა.
| Print |