რეგიონი
ბინები გაიაფდა, მაგრამ ხალხი არ ჩამოდის - აბასთუმანში დამსვენებლების რაოდენობაზე ჩივიან
ზაფხულის სიცხეს ქალაქების მოსახლეობა მთაში გაურბის. ერთ-ერთი კურორტი, რომელიც სამი თვით დამსვენებლებით ივსება - ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანია, რომელიც ქვეყანაში სასუნთქი გზების სარეაბილიტაციო კურორტად პოზიციონირებს.

აბასთუმანში - ზღვის დონიდან დაახლოებით, 1 300 მეტრზე, დამსვენებლების რაოდენობამ იმატა, თუმცა ადგილობრივებს ეს დამშვიდების საშუალებას არ აძლევს. აბასთუმნელებმა ზაფხულში ბინა იმდენჯერ უნდა გააქირაონ, რომ მთელი წლით, ოჯახის სარჩნად სამყოფი ფული მოაგროვონ. ამდენი სტუმარი კი კურორტს არ ჰყავს. ვიზიტორების სიმცირის გამო, მოსახლეობამ სახლები გააიაფა. ამის მიუხედავად, მსურველი ბევრი არ არის.


კურორტ აბასთუმანში, დამსვენებლების თავშეყრის მთავარი ადგილი, პარკი „როშაა“, ამიტომ ადგილობრივებმა თავიანთი მცირე ბიზნესი ამ გარემოს და სტუმრების ინტრესებს მოარგეს. ერთ-ერთია ნუგზარ ათოშვილი, რომელიც ბავშვებს ცხენებით ასეირნებს. საქმე რომ კარგად მიდიოდა, ცხოველების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. ახლა კი ამბობს, რომ შემოსავალი ცოტაა და მათი შენახვაც გაუჭირდა. ინდმეწარმეები დამსვენებლების და შესაბამისად - შემოსავლის სიმცირეზე ჩივიან. მათი თქმით, წელს ვიზიტორების რაოდენობა განახევრებულია.

„ფასის მომატება მომიწია. პანდემიამდე ცხენით გასეირნება ორი ლარი ღირდა, ახლა სამი გავხადე. დღეში სამი ლარი როგორ უნდა ვამყოფინო ამხელა ოჯახს“, - გვეუბნება ნუგზარ ათოშვილი.


აბასთუმანში ამბობენ, რომ დამსვენებლის რაოდენობის შემცირებაზე ორმა მიზეზმა იმოქმედა. პირველი ისაა, რომ სალხს კორონავირუსმა ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა, მეორე კი კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. აბასთუმანი სამშენებლო მტვერშია გახვეული. აქ ორი წელია რეაბილიტაციის და მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

დარგის სპეციალისტები ჯერ კიდევ პანდემიის დროს ამბობდნენ, რომ მხოლოდ შიდა ტურიზმის არსებობის პირობებში, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში სწორედ სამთო კურორტები იქნებოდნენ, რადგან მათ ისედაც ადგილობრივი დამსვენებლები სტუმრობდნენ.

„აბასთუმანს არ გაუჭირდება, რადგან შიდა ტურიზმი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, მაგრამ ქალაქები, როგორიცაა მაგალითად ახალციხე, მათ ძალიან გაუჭირდებათ. აქ სასტუმროებში ძირითადად, უცხოელი ტურისტები ჩამოდიოდნენ“, - ამბობს დარინა ხუბაევი, ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის ექსპერტი.

სპეციალისტის მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა. აბასთუმანში, ახალციხესთან შედარებით, მეტი დამსვენებელია, თუმცა იმდენი მაინც არა, რომ ადგილობრივებმა მთელი წლის განმავლობაში ოჯახის სარჩენად სამყოფი თანხა მოიმარაგონ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |