რეგიონი
აზერბაიჯანი სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობაზე იუწყება
აზერბაიჯანის პროკურატურა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ იუწყება.

უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის.

„ნავთობსადენი იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, წარმოადგენს რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს. ჩვენი არმიის გადამწყვეტი ზომების შედეგად, ტერორის ეს მცდელობა აღიკვეთა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი კომენტარი „ფეისბუკის“ გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა გააკეთა.

„აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენ სამიზნეს“, - წერს ოვანისიანი.


წყარო: interpressnews.ge
| Print |