რეგიონი
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ტერიტორიების დაბობვაში ადანაშაულებენ
სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს „უხეშად არღვევს.“

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს და უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთმა ტარტარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

„ამ აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციით აზერბაიჯანული მხარე მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის ემზადება”, - განუცხადა შუშან სტეპანიანმა სომხურ მედიას.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილოთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებით დღეს დილით სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმები განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.



| Print |