რეგიონი
ერევანი ბაქოს, სამხედრო ტყვეების, წინაპირობის გარეშე გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ერევანი ბაქოს მოუწოდებს, სამხედრო ტყვეები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხურენოვანი ბიურო ავრცელებს.

სომხეთის სახალხო დამცველის, არმან ტატოიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვები ეჭვქვეშ აყენებს სომეხი სამხედრო ტყვეების სტატუსს და არღვევს ომის შემდგომ ჰუმანიტარულ პროცესს. მანამდე ალიევმა განაცხადა, რომ სომხური შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან, "არ ემორჩილებიან სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათი უმეტესობა განეიტრალდა, ბევრი კი დააკავეს".

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთიან ყარაბაღში 10 ნოემბერს დამყარდა. როგორც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სამმხრივ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეჩერდნენ დაკავებულ პოზიციებზე და განახორციელონ ტყვეთა გაცვლა. ერევანმა კელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონები ბაქოს გადასცა. რეგიონში რუსი და თურქი სამხედროები შევიდნენ.
| Print |