რეგიონი
„მანქანას არ ვრეცხავ, სანამ სახლში მივიდე, ისევ ტალახიანია" - გარსევან კაპანაძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოფითი პრობლემები თითქმის ერთნაირია. ბოლო პერიოდში კი კოვიდპანდემიამ მოსახლეობის პრობლემები ერთ მთლიანობად აქცია. შესაბამისად სხვა სოფლების მსგავსად, სოფელ ანის პრობლემებიც არაერთია. მოსახლეობა აქაც უმუშევრობასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ჩივის.  

სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ამორტიზებულ გზები, ბუნებრივი აირის არარსებობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაბალი ფასები - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც სოფელ ანის მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები მათ მოგვარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
მოუწესრიგებელი შიდაგზების გამო სოფელში გადაადგილება უჭირთ. პრობლემა უამინდობისას განსაკუთრებით მწვავდება. წვიმის გამო ატალახებულ გზაზე მოძრაობა ერთნაირად უჭირთ, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომობილის მძღოლებს.

„მანქანას არ ვრეცხავ-ხოლმე, სანამ სახლში მივიდე, ისევ ტალახიანი ხდება. გარეცხვის აზრი მითხარით, ნახეთ როგორი ტალახიანია “- აღნიშნავს სოფელ ანის მკვიდრი.

სოფელში გაუმართავია სასმელი წყლის სისტემაც, რის გამოც წყალი ყველა ოჯახს არ მიეწოდება.
პრობლემაა სარწყავი წყალიც. მოსახლეობა ნათესებს ვერ რწყავს და მხოლოდ ბუნებრივ ნალექზე არიან დამოკიდებული.

„არხები გააკეთეს სოფლის ერთ მხარეს, მეორე მხარეს - არა. დაგვპირდნენ და იმედია ამასაც გააკეთებენ, მიწას კი ვამუშავებთ, მაგრამ წყალი არ არის რომ მოვრწყათ. ბუნებაზე ვართ დამოკიდებული. უნდა იწვიმოს, რომ მოსავალი კარგი გვქონდეს“ - ამბობს სოფელ ანის მკვიდრი რომან კაპანძე.

წვიმაზე დამოკიდებული მოსავალი, აღების შემდეგაც პრობლემაა. მოსახლეობა მის რეალიზაციას ვერ ახერხებს. ადგილობრივები მიმღები პუნქტების მოწყობას ითხოვენ.

„10 ტონას მოვიყვანთ თუ 100-ს რა აზრი აქვს, რეალიზაციას ვერ ვახდენთ. სასაცილო ფასებში ვყიდით ყველაფერს“- აღნიშნავს გარსევან კაპანაძე.

ანში არც ბუნებრივი აირია. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება გაზის სისტემის შეყვანას დაპირდა, თუმცა დანაპირების სისრულეში მოსაყვანად, სოფელში ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

„დაგვპირდნენ გაზს შემოვიყვანთ სოფელშიო, ალბათ შემოიყვანენ“- იმედოვნებს მედეა კაპანაძე.

ანის რწმუნებულის თქმით, სოფელში შიდაგზების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე იგეგმება. კახა გელაშვილი ირწმუნება, რომ დანარჩენი პრობლემების მოგვარება სოფელში ეტაპობრივად მოხდება.

„გზები წლის ბოლომდე გაკეთდება, ნახევარი უკვე გაკეთდა. რაც შეეხება წყლის პრობლემას, სარწყალი წყალი სოფელს არ უდგება, ამიტომ ეს პრობლემა მარტივად ვერ მოგვარდება. თუმცა ახლო მომავალში სოფელს სასმელი წყალი ექნება“ - აცხადებს სოფლის რწმუნებული.

კახა გელაშვილის თქმით, ანში მოსავლის ჩამბარებელი პუნქტების მოწყობა არ იგეგმება. როგორ შეძლებს სახელმწიფო ადგილობრივ ფერმერებს მოწეული პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმაროს, ამაზე მერის წარმომადგენელს პასუხი არ აქვს.
ანის მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ელემენტარული პრობლემების მოგვარებაში ითხოვენ. სოფელში არსებულ პრობლემებს დაახლოებით, 170 ადგილობრივი ყოველდღიურად აწყდება. ყველაზე მეტად კი ის აწუხებთ, რომ ამ დრომდე არ იციან არსებულ სიტუაციაში ცხოვრება კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |