რეგიონი
“იმოგზაურე რუსეთში COVID-19-ის გარეშე” - სომხეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინანის ინიციატივით, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, სომხეთის მოქალაქეებს საჰაერო გზით რუსეთში გამგზავრება შეუძლიათ.

მისივე განცხადებით, სომხურმა და რუსულმა მხარეებმა შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

საპილოტე პროგრამა 1-ელი თებერვლიდან 1-ელ მარტამდე სომხეთში იმოქმედებს, რომელიც მგზავრს მეზობელ სახელმწიფოში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების საშუალებას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის (მოქმედების ვადა არაუგვიანეს 72 საათისა) შემთხვევაში მისცემს.

პროგრამა "იმოგზაურე COVID-19-ის გარეშე" საშუალებას იძლევა კორონავირუსის ტესტის შედეგი QR-კოდის სახით მობილურ პროგრამაში იქონიო.

მოქალაქეებმა მობილური პროგრამა iOS-ის ან Android-ის სისტემებში უნდა გადმოიწერონ.

PCR-ტესტირების ჩასატარებლად პირი ლაბორატორიაში უნდა მივიდეს. ტესტის შედეგი მაშინვე გამოჩნდება პროგრამაში, როცა ლაბორატორია პასუხს სისტემაში ატვირთავს. დადებითი პასუხის შემთხვევაში QR-კოდი წითლდება, უარყოფითის შემთხვევაში მწვანდება.

ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გამგზავრებამდე აუცილებელია გადამოწმება, რომ ინფორმაცია პროგრამაში ხელმისაწვდომია და გადაფრენის დრო ტესტზე სინჯის აღების მომენტიდან 72 საათს არ არის გადაცილებული.

საზღვრის გადაკვეთისას აუცილებელია მობილური პროგრამის QR-კოდის წარდგენა.

შეგიძლიათ პროგრამა ქვემოთ მიმაგრებული ბმულებით გადმოიწეროთ: Android და iOS.
| Print |