რეგიონი
სომხეთთან და რუსეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით, ახალქალქში აქცია მეორედ გაიმართა
დღეს, 3 თებერვალს, ახალქალაქში გამართული საპროტესტო აქცია ორ საათში დასრულდა. ქალაქის ცენტრში, მერიის წინ შეკრებილი ადგილობრივების ერთადერთ მოთხოვნას, სომხეთთან და რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის გახსნა წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა ერთ კვირაში არ დაკმაყოფილდება, ადმინისტრაციულ შენობასთან მესამედაც შეიკრიბებიან.

„თუ სხვა ქვეყნებთან საზღვარი გახსნილია, სომხეთთან და რუსეთთან რატომ არ არის? თუ პანდემიაა, ყველა ქვეყანასთან თანაბრად უნდა იყოს პანდემია“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოქალაქეებს ახალქალაქის მერი იური უნანიანი შეხვდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა შეკრებილ მოსახლეობას უთხრა, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრების ჩაკეტვა, პანდემიის გამო, უნანიანს სწორად მიაჩნია.

შეგახსნებთ, რომ საზღვრების გახსნის მოთხოვნით ახალქალაქში საპროტესტო აქცია მეორედ გაიმართა. ნინოწმინდა-ახალქალაქის მოსახლეობამ მათი მოთხოვნა პირველად 31 იანვარს გააჟღერა.

| Print |