რეგიონი
ბორჯომში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო
ბორჯომში საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული კოლეჯი აშენდება. პროექტის მიხედვით, შენობაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„კოლეჯში დაინერგება მოკლევადიანი და მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებაზე, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროგრამებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო პროფესიებზე“, - წერია ინფორმაციაში.

კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით, 10 მლნ. ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ.
| Print |