რეგიონი
ნინოწმინდაში ტრეფიკინგისთვის დაკავებულების გათავისუფლება აქციით მოითხოვეს
დღეს, 17 მარტს, ნინოწმინდის სოფელ ეფრემოვკაში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრალდებულთა თანასოფლელები და სოფელ დიდი არაქალის მაცხოვრებლები მერიის მიმდებარედ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მამა-შვილი უდანაშაულოა და სამი პირი, რომელთა თქმითაც ფერმაში, მონობაში ამყოფებდნენ, იტყუება.

შეკრებილები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრასაც ითხოვნენ, მაგრამ განუმარტეს, რომ პარლამენტის წევრები თბილისში, სხდომაზე იმყოფებოდნენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი შსს-მ 13 მარტს გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.

„მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრათ.
| Print |