ასპინძაში შიდა გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები დაბის 2 ქუჩაზე ხორციელდება, თუმცა პროექტის მიხედვით, 8 შიდა გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მათ მშენებლობაზე 800 ათასი ლარი დაიხარჯება.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულეს. აკაკი მაჭუტაძე და ლევან ცაბაძე ძველი–ჭობარეთისა და ორგორა–საყუდაბელის გზის მშენებლობაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული პროექტი 3 ეტაპიანია. ამჟამად, პირველი ეტაპი ხორციელდება, რისთვისაც 660 ათასი ლარია გამოყოფილი.
რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორისაა, დაბაში 2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ადგილობრივი ხელისუფლება ერთ–ერთ მნიშვნელოვან პროექტად, სარო–ხიზაბავრის გზის მონაკვეთის მოასფალტებას მიჩნევს.
აღნიშნული სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება.