რეგიონი
ომის დროს უფრო კარგად ვცხოვრობდით - კორხის მოსახლეობა
გაძვირებული პროდუქტი, დაუსაქმებლობა, პანდემიის გამო შემოსავლისა და სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, მზარდი მიგრაცია და წლების განმავლობაში მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები - ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ კორხის რეალობაა.

იშხან აკოფიანი სოფელ კორხში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ უმუშევრობისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო სოფელი მოსახლეობისგან დღითიდღე იცლება. შუახნის მამაკაცისთვის მთავარი პრობლემა ბოქლომდადებული სახლები და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა.

„ომის დროს უფრო კარგად ვცხოვრობდით, ვიდრე ახლა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, სამუშაო არ არის, ხალხი ვალებში იხრჩობა, ნახევარზე მეტმა მამა-პაპის სახლები დაკეტა და სხვა ქვეყანაში წავიდა. სხვა გზა არც მე მაქვს, მეც ვაპირებ რუსეთში წასვლას“, – ამბობს იშხან აკოფიანი.

სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, კორხში 923 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი მოქალაქეთა რაოდენობა განახევრდა და 446 დარჩა. მზარდი მიგრაციის მიზეზად ადგილობრივები უმუშევრობას, სიღარიბეს და ლარის გაუფასურებას ასახელებენ.
ადგილობრივების მტკიცებით, მიგრაციის მთავარი მიზეზი სოფელში არსებული მძიმე პირობებია. კორხში სარწყავი წყლის სიმცირეზე ჩივიან. ადგილობრივების თქმით, ზაფხულში უმეტესობას წყალი არ მიეწოდება, რის გამოც დამუშავებული ნაკვეთების მორწყვა მხოლოდ წვიმაზეა დამოკიდებული. ისედაც მწირი მოსავალი, კორხის მაცხოვრებლებმა პანდემიისა და სოფლის პროდუქტების გაუფასურების გამო ვერ გაყიდეს.

„მარნეულში აღებული მოსავალი ვერ გაყიდეს და ის გააპროტესტეს, ჩვენ კიდევ ტონობით კატოფილს მეორე წელია ვეღარ ვყიდით. ვის მივმართოთ, რა აზრი აქვს, მაინც არავინ დაგვეხმარება“, – ამბობს იურიკ მაკარიანი.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც სოფლის მოსახლეობა ითხოვს საავტომობილო გზის მოწესრიგებაა. ასფალტირებული გზის გარდა, სოფელში სამედიცინო პუნქტის არქონაზეც ჩივიან.
„არც ექიმი გვყავს, არც ექთანი, სასწრაფოც საათობით აგვიანებს. ტრანსპორტიც არ მოძრაობს, კერძო მანქანა კიდევ ყველას არ აქვს, რომ ქალაქში წასვლა შეძლოს“, – ამბობს სარქის მაკარიანი.

72 წლის სედა ჰოვსეფიანი სოფლის მძიმე ცხოვრებასა და მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე საუბრობს. ამბობს, რომ პანდემიამ კორხელების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

„მე და ჩემი 80 წლის ქმარი პენსიონერები ვართ. აღებული პენსია წამლებშიც აღარ გვყოფნის. კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ“.

სოფელ კორხის პრობლემების შესახებ კარგად იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ყველა საკითხი ახალქალაქის მერიას უკვე მიაწოდა. მიუხედავად ამისა, გარნიკ ღანდილიანი თანასოფლელებს ვერფერს პირდება, რადგან პანდემიისა და შემცირებული ფინანსების გამო სამუშაოების დაწყება არც კი იგეგმება.

,,30 წელია რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სოფელს კი სარწყავი წყალი დღემდე არ აქვს. არაერთხელ მივმართე ახალქალაქის მერიას, მაგრამ უშედეგეოდ“,– აცხადებს რწმუნებული გარნიკ ღანდილიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, არაგვის თემში მდებარე სოფელი, ქალაქიდან 9 კილომეტრით არის დაშორებული. კორხი ზღვის დონიდან 1 660 მეტრ სიმაღლეზეა.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |