რეგიონი
უხვმა ნალექმა ბაკურიანში წერეთლის ქუჩა დატბორა
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა. მთიდან მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წერეთლის ქუჩაზე პრობლემები შექმნა. ადიდებულმა წყალმა სასტუმრო ,,ნოელის" ღობე დაანგრია და ეზო დატბორა, დაზიანდა ასევე შენობის სამრეცხაო და საცხოვრებელი კოტეჯები. 
ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა წყალმა ხიდი ჩახერგა, რის გამოც წყალი გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა, სამაშველო სამსახურმა ამ დროისათვის სპეციალური ტექნიკით ხიდთან ჩახერგილი ადგილი  უკვე გაწმინდა.

„წყალი ღამე ადიდდა, რამდენიმე ოჯახი დაზარალდა, მდინარე ჯებირებიდან გადმოვიდა. ამჟამად შედარებით უკეთესი მდგომარეობაა“ - აცხადებს თამილა აღნიაშვილი.

„დილის 10 - ის ნახევრიდან საღამოს 5 საათამდე წყალი ადიდებული იყო. სახლებსა და ეზოებში შევარდა. მეზობელს პირველი სართული მთლიანად დაუტბორა და გაუნადგურა. ჩემი ეზო და ნათესებიც გაანადგურა, ყველაფერი დაიტბორა, სარაია, ავტოფარეხი... დაახლოებით 2-3 ათასი ლარით ვიზარალე. მერიიდან იყვნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ აგვინაზღაურებენ, უბრალოდ მოვიდნენ დააკვირდნენ სიტუაციას და წავიდნენ“
- წუხს აიდა აკოფიანი.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ მიყენებულ ზარალს უახლოეს დღეებში დაითვლიან და დაზარალებულ მოსახლეობას სრულიად აუნაზღაურებენ. მერი დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და შესაბამისი სამსახურები დილის 10-ის ნახევრიდან მუშაობდნენ ადგილზე.

„ზარი დილით, 10-ის ნახევარზე შემოვიდა, შეგვატყობინეს რომ დაახლოებით ხუთ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაეტბორა. ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია, წყლის დონემაც დაიკლო და შესაბამის სამსახურებმა ტერიტორია მოაწესრიგეს. ზარალი დიდი არ არის, მხოლოდ ხუთ ოჯახს დაეტბორა ეზოები“, - აცხადებს ბორჯომის მერი დავით ზაალიშვილი.

ვიდეოს სოციალურ ქსელში მარი შუბითიძე ავრცელებს.
| Print |