რეგიონი
ხულო-ზარზმის გზის 5 კმ.-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე გზის რეკონსტრუქციას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მლნ. ლარია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

"ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, რომელზეც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
| Print |