რეგიონი
საინჟინრო საქმიანობა თუ საომარი ცეცხლის გახსნა - სომხეთ-აზერბაიჯანი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არცერთი აზერბაიჯანელი სამხედრო არ დაღუპულა, ან დაშავებულა.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხური მხარე მიზანმიმართულად ატარებს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების პოლიტიკას და ახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს არჩევნებამდე. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება,“
- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, 10 ივნისს, განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სომეხმა მესაზღვრეებმა კი შესაბამისად უპასუხეს.
| Print |