რეგიონი
პუტინმა არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, რუსეთმა მიგრანტებს ქვეყანაში ყოფნის ვადა 30 სექტემბრამდე მისცა. პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი.

რუსეთში მყოფი მიგრანტებისთვის ამოქმედდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი - „ცხოვრება კონტროლ ქვეშ“ (Контролируемое пребывание), იუწყება ТАСС ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ეს რეჟიმი დაწესდება იმ მიგრანტების მიმართ, რომელთაც რუსეთში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იძულებული არიან ქვეყანაში დარჩნენ. მაგალითად, სასამართლო პროცესისა ან თვითიზოლაციის გამო.

„პროფილაქტიკური ხასიათის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მიგრაციულ სფეროში უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება, წარმოადგენს კანონმდებლობაში სპეციალური სამართალდაცვითი რეჟიმის - „ცხოვრება კონტროლ ქვეშ“ შემოღებას“, - განაცხადეს რუსეთის შსს-ში.

სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან - გასული წლის მარტიდან - რუსეთის დატოვება ვერ შეძლო დაახლოებით 1,6 მილიონმა მიგრანტმა, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა ამოეწურათ. ვიზების მოქმედების ვადის გახანგძლივების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა 134 ათასზე მეტმა ადამიანმა, ოთხი ათასმა ადამიანმა - დროებითი თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. კიდევ 65 ათასს მუშაობის ნებართვის მიღება სურდა.

შედეგად, 20 მაისს უწყებაში განაცხადეს, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც კორონავირუსის პანდემიის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა არ გახსნილა, ქვეყანაში ყოფნის ვადა შესაძლოა 90 დღით გაუხანგრძლივდეთ. ამისათვის მათ შსს-ს ტერიტორიული ორგანოს მიგრაციის საკითხების განყოფილებას უნდა მიმართონ.
| Print |