რეგიონი
,,ეს დანაკარგი ყველასთვის ტკივილია, გინდ აზერბაიჯანელი იყოს, გინდ სომეხი“ - მამა ჰაკობი
44 დღიანი ომიდან ერთი ტკივილიანი წელი გავიდა - ასე იხსენებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხური თემი ყარაბაღის კონფლიქტს, რომლის შესახებ საუბარი და მით უმეტეს, ომის დეტალების გახსენება თითქმის, არავის უნდა. 2020 წლის ოქტომბერი ჯავახეთის 20-მდე ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.

,,ჩემი ძმა თავის ჯარისკაცთან ერთად დაბომბვისას აფეთქდა“, ჩემი ბიძაშვილი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა, ჩემი ძმა ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა - ყველა ისტორია ერთნაირად იწყება და პრინციპში... ერთნაირადაც მთავრდება. კონფლიქტს შეწირული ჯარისკაცების ასაკი“ 18-დან 35 წლამდე მერყეობს.


მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ნინოწინდელი სარგის აღჯოიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში დაიბადა. მისი ოჯახი ნინოწმინდაში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სომხეთის ვაზგენ სარგისიანის სახელობის სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და საცხოვრებლად მეზობელ სახელმწიფოში გადავიდა. იგი ყარაბაღელ მეუღლესთან და ტყუპ შვილებთან ერთად სტეფანაკერტში ცხოვრობდა. 33 წლის მამაკაცის ცხედარი მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ 2020 წლის 20 ოქტომბერს გადმოასვენა.

,,2 000-მდე ადამიანი ვიყავით, ვინც ცხედარი ბავრადან სოფელ არაქალში გადმოვასვენეთ. სარგისს კარგად ვიცნობდით. ის მშობლიურ სოფელში დავკრძალეთ" - იხსენებს სამო მნოიანი.

სარგისი 18 ოქტომბერს საომარი მოქმედებისას მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ადგილობრივები სოფელ ბავრას საზღვართან დილის 09:00 საათზე შეიკრიბნენ. გარდაცვლილი თანასოფლელის ცხედარი სომხეთის მხარემ საზღვარამდე მოასვენა და მოსახლეობას გადასცა.

,,ჩემი ძმა ომში, კონფლიქტის პირველი დღიდან ჩაერთო. როდესც ვეკონტაქტებოდით, მარტო იმას გვეუბნებოდა, რომ კარგად იყო, არადა რა საშინელებაც ხდებოდა, ტელევიზიით ყველაფერს ვიგებდით. 18 ოქტომბერს ჰადრუთში დაიღუპა, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე კი ხელში დაიჭრა, მალე იმკურნალა და ისევ თანამებრძოლებს შეუერთდა. სანამ ის ბრძოლის ველზე იყო, ჩვენ ფულს, წამლებსა და პროდუქტს ვაგროვებდით ჯავახეთში და ღმერთს მშვიდობას ვთხოვდით, სხვა რა შეგვეძლო? ძმა დავკარგე, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა, მე პოლიტიკოსი არ ვარ“ - ამბობს გარდაცვლილის ძმა სამველ აღჯოიანი.

ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სომხური თემი მშვიდობის მომხრეა, თუმცა კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივების შემთხვევაში, არცახში წასვლა და თანამემამულეების დაცვა მოხალისის სტატუსით გადაწყვიტეს. მთიან ყარაბაღში გასამგზავრებლად მზადება მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც მიხვდნენ რომ კონფლიქტი არც ორ დღეში და მითუმეტს ორ კვირაში არ დასრულდებოდა. ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ სომხეთი მათი ისტორიული სამშობლოა და ასეთ დროს ყველა ახალგაზრდა სომეხი ჯარისკაცების გვერდით უნდა იყოს.

მოხალისეთა სიაში ძირითადად ის ახალგაზრდები იყრიდნენ თავს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული. რაც იმას ნიშნავდა, რომ პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრის გადალახვას უპრობლემოდ შეძლებდნენ.

,,ორმაგი სტრესი, ორმაგი ტკივილი იყო ჩვენთვის, რთულია ამაზე საუბარი. ომი ბედნიერებას არავის ანიჭებს, ეს დანაკარგი ყველასთვის ტკივილია, გინდ აზერბაიჯანელი იყოს, გინდ სომეხი. სხვის სასარგებლოდ დაწყებულ ომს, უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა“ - ამბობს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის სულიერი მოძღვარი და ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორი.

მამა ჰაკობ საჰაკიანის თქმით, წინ რა ელოდება კავკასიას, რა ჩაიფიქრეს დიდმა სახელმწიფოებმა და როგორია მათი იმპერიული ზრახვები - რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, მაგრამ ,,ჩვენ, როგორც კავკასიის ხალხი, განსაკუთრებით კი ქართველ-სომხები, ძალიან პატარა ერები ვართ და უფლება არ გვაქვს მსოფლიოს ვუკარნახოთ რამე, რადგან დღეს დიდი სახელმწიფოები დომინირებენ. ისინი გადაწყვეტენ. ჩვენი მიზანია ვიყოთ უფრო გაერთინაბული, იმიტომ რომ ყველა ომს მძიმე შედეგები მოჰყვება და ამის კომპენსაცია რთულია“.სასულიერო პირი კავკასიის სიძლიერეს გაერთიანებაში ხედავს. მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი ორი სახელმწიფოს ერთობაა, რადგან სომხეთის შესუსტება საქართველოს შესუსტებაცაა და პირიქით. ,,გამჭრიახობა და სიბრძნე უნდა ჰქონდეს ორივე ერს, უფრო მეტად გაერთიანდნენ. ასეთი ანდაზაა: ,,როდესაც ცხვარი ძოვს, ის დაზღვეულია, რადგან მასთან მწყემსია, მწყემსი მგლისგან დაიცავს, მაგრამ დადგება დღე და მწყემსი თავად შეჭამს ცხვარს“. უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენს წინაშე დგას ძლიერი სახელმწიფო და გვგონია, რომ გვიცავს, ხვალ ეს დიდი სახელმწიფო გადაგვყლაპავს“ - აღნიშნავს ჰაკობ საჰაკიანი.

რუსეთის მცდელობას, სულ უფრო მეტად გაიმყაროს პოზიცია კავკასიაში, ხედავენ პოლიტოლოგები. რონდელის ფონდის მკვლევარი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს აანალიზებს. ზურაბ ბატიაშვილის აზრით, ე.წ. რუსი სამშვიდობოების ბუნება ყველასთვის ნათელია. ,,რაც ხდება კავკასიაში თავიდან ბოლომდე არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგი. ამას ვხედავთ ყარაბაღში, ცხინვალში, აფხაზეთში. სამწუხარო რეალობაა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარე ჯერ კიდევ შორსაა შერიგებისგან, არადა ალტერნატივა მხოლოდ ომია. რუსეთმა გაიმყარა თავისი პოზიცია კავკასიაში“.

27 სექტემბერი სიმბოლური თარიღი გამოდგა ქართველი და სომეხი ერისთვის. წელს სოხუმის დაცემიდნ 28, ხოლო ყარაბაღის კონფლიქტიდან ერთი წელი გავიდა. რუსეთი პოლიტიკას არ ცვლის და ე.წ. ,,სამშვიდობოების’ რაოდენობას რეგიონში მაქსიმალურად ზრდის.

,,თუ მანამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა თავისი სამხედრო ბაზები განლაგებული, სომხეთში აქვს გიუმრის საკმაოდ დიდი ბაზა ხუთიათას კაციანი და ეს ყველაზე დიდი ბაზაა რუსეთის გარეთ თავისი სიდიდით, ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავისი ე.წ. სამშვიდობოები ჩააყენა, რომელიც რეალურად სამხედრო ბაზაა და მეტი არაფერი. პრინციპი არის 5+5, რაც ნიშნავს იმას, რომ ხუთი წლის განმავლობაში იდგებიან და მერე მხარეები თუ შეთანხმდებიან, კიდევ ხუთი წლით დარჩებიან. სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ გამოძებნის რუსეთი მიზეზებს, რომელიც მათ იქ ყოფნის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს. მანამდეც იქნება მცდელობები და პროვოკაციებიც არ გამოირიცხება. რადგან ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის სპეციალისტები არიან. იმპერიის ბუნებაა ასეთი, ორი პატარა ერი ერთმანეთს გადაკიდოს და მერე ე.წ. სამშვიდობოს როლი შეასრულოს" - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 3 300 კაცს აღემატება. ერთი წლის თავზე, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ჯავახეთიდან იყო, ან მშობლები და წინაპრები ჰყავდა ამ რეგიონიდან, 90-მდე გაიზარდა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საომარი მოქმედებები დაიწყო. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ - 10, 17 და 26 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა.

მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საბოლოოდ 10 ნოემბერს შეთანხმდნენ, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება უწოდა.

კონფლიქტოლოგების შეფასებით, ომს ჰყავს დამარცხებული და გამარჯვებული. ასევე ჰყავს რუსეთი, რომელმაც ყველაზე მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღო. სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის უსაფრთხოებას დაახლოებით, 2 000-კაციანი რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფი დაიცავს.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 3 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
ასპინძა 3 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 1 °C
img
ბაკურიანი -5 °C
img
ნინოწმინდა -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6553
RUB
RUB
100
4.4764
TRY
TRY
1
0.3265
USD
USD
1
3.1400
AMD
AMD
1000
6.5842
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.