რეგიონი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და ახალი გამოწვევები საქართველოსთვის
ყარაბაღის კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვალა სტატუს კვო კავკასიის რეგიონში. კონფლიქტის შედეგებმა საქართველოც ახალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა.

რა გავლენა იქონია ამ კონფლიქტმა კავკასიის რეგიონზე და განსაკუთრებით საქართველოზე, რა საფრთხეები გაჩნდა კავკასიაში შეცვლილი დღის წესრიგით და როგორ ხედავენ საქართველოს როლს ახალ რეალობაში - მეცხრე არხთან რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი გიორგი გოგუაძე საუბრობენ.

10 ნოემბერი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების თარიღია. როგორ შეიცვალა ვითარება ერთ წელიწადში კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის და ვინ ისარგებლა ყველაზე მეტად ამ კონფლიქტით?

ზურაბ ბატიაშვილი: მართალია ამ ომს აზერბაიჯანის სახით მოგებული ჰყავს, მაგრამ რეგიონში გაძლიერდა რუსეთის გავლენა და ყველაზე მეტად მოგებული, თან ტყვიის გასროლის გარეშე რუსეთი დარჩა, რადგან კავკასიაში სამშვიდობო მისიის გარეშე დამკვიდრდა. თუ მანამდე, მხოლოდ გიუმრში ჰქონდა ბაზა, ახლა უკვე ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც აქვს. მართალია სამშვიდობო ეწოდება, მაგრამ რეალურად ეს სამხედრო ბაზაა და საქართველოს მაგალითზე ვიცით როგორ შეიძლება ე.წ. სამშვიდობოები ერთ დღეს იქცნენ ძალიან მტკივნეულ მხარედ იმ ქვეყნებისთვის, სადაც შედის ხოლმე. რუსეთის ამგვარ ქმედებებს ვხედავთ არამარტო კავკასიაში, არამედ უკრაინასა და სირიაში. რუსეთი არც ერთ საერთაშორისო ნორმას არ იცავს და თამაშობს ხალხის გრძნობებზე, არის ათასობითა და ათიათასობით ადამიანთა ტრაგედიის წყარო, ადამიანები ერთმანეთთან აპირისპირებს და შემდეგ მათ მშვიდობისმყოფელის სახით ევლინება. 

გიორგი გოგუაძე: ჰუმანიტარული პერსპექტივით თუ შევხედავთ, ეს კონფლიქტი ძალიან მძიმე იყო. მას ბევრი მსხვერპლი მოჰყვა და შეცვალა ვითარება როგორც სამხედრო, ასევე სხვა ბევრი მიმართულებით. გამოწვევები, რომელიც ისედაც არ აკლდა კავკასიის რეგიონს, უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ უფრო დამძიმდა. რეგიონული მოთამაშეები - განსაკუთრებით თურქეთი, ჩაერთო ამ პროცესში, რუსეთის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სტატუს - ქვო შეიცვალა.

თუ ყველაზე მეტად შექმნილი ვითარებით რუსეთმა ისარგებლა, რას ნიშნავს ეს -რუსეთი იყო ამ კონფლიქტის ორგანიზატორი თუ ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით?

ზურა ბატიაშვილი: ვფიქრობ, წინასწარი შეთანხმება ძირითად საკითხებზე რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობდა, შეიძლება ყველა დეტალზე არა, მაგრამ მონახაზის სახით მაინც. ამ შემთხვევაში რუსეთის გეგმაში ფაშინიანის და მისი მომხრეების დასჯაც შედიოდა, რადგან რუსეთის გადასახედიდან ფაშინიანი არ არის საკმარისად პრორუსი და დასავლეთისკენ იხრება. თუმცა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ფაშინიანს აქვს საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი სომხეთში - სამხედრო ბაზით, პრორუსი პოლიტიკოსებითა და პარტიებით, ასევე ეკონომიკით, სადაც რუსული ინვესტიციები საკმაოდ არის. მიუხედავად ამისა, სომეხმა ხალხმა უპირატესობა დასავლურ გზას მიანიჭა. ეს ჩვენთვისაც კარგია, როცა სამეზობლოში დასავლეთისკენ მომზირალ ადამიანთა რიცხვი იზრდება. 

გიორგი გოგუაძე: რაც შეეხება ვინ არის გამარჯვებული და წაგებული, ეს შეფასებითია. მე ვიტყოდი რომ ამ კონფლიქტმა სიკეთე, ჩვენს გეორგაფიულ არეალს არ მისცა, პირიქით, დაამძიმა ის გარემო, რომელიც არ იყო მაინცდამაინც სახარბიელო და რეალურად უფრო კონფლიქტური და არაპროგნოზირებადი გახადა.

ამ კონფლიქტის შედეგად რა რეალობის წინაშე აღმოჩნდა საქართველო?

ზურა ბატიაშვილი: სამხედრო მოქმედებების დროს საინფორმაციო კუთხით არსებობს გარკვეული ცენზურა, მეორეს მხრივ მატულობს რადიკალიზაცია და რადიკალური განწყობები. სამხედრო კომპონენტის გარდა ჩვენ არ გაგვიზომავს ეკონომიკური კომპონენტი. კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საზღვრები ჩაკეტილია და არვიცით ამ ქვეყნებში იმ გავლენის კოეფიციენტი, რომელიც მაგალითად შეამცირებდა საქართველოში შემოსულ აზერბაიჯანელ ან სომეხ ტურისტთა რაოდენობას. სანამ საზღვრები არ გაიხსნება, ამას ვერ გავზომავთ. არის სხვა ინდიკატორებიც. ამ ბოლოს ძალიან აქტიურად დაიწყო საუბარი 3+3 ფორმატზე, რაც საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილია რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და საქართველო, თუმცა რას მოიცავს ეს ფორმატი მთლიანად გაურკვეველია. როგორ უნდა ითანამშრომლონ თურქეთმა და აზერბაიჯანმა სომხეთთან, მაშინ როცა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. ერთია მინისტრების შეხვედრა, მაგრამ მეორეა საელჩოების მიერ საკითხების ყოველდღიური თვალის შევლება და შესრულება. ეს არის რუსული პროექტი და საქართველოსთვის ოკუპანტ ქვეყანასთან შეუძლებელია გრძელვადიან ნაწილში ითანამშრომლო, მითუმეტეს ისეთ გაერთიანებაში, სადაც ჩვენი დასავლელი, გრძელვადიანი პარტნიორები არ არიან წარმოდგენილი. ამ საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სომხეთის წრეებშიც. ვიცით, რომ ირანსაც აქვს დაწესებული მძიმე ამერიკული სანქციები. როგორ ითანამშრომლებ, ისეთ ქვეყანასთან, რომელთანაც დაწესებული სანქციების გამო ელემენტარულად ფულსაც ვერ გადარიცხავ. მეორეს მხრივ ისიც საფიქრალია, რომ მეზობელ ქვეყნებთან თურქეთი იქნება, აზერბაიჯანი თუ სომხეთი ძალიან კარგი ურთიერთობა გაგვაჩნია და ამას დამატებით რაიმე ფორმატების გამოგონება აღარ ჭირდება. ცუდი ისაა, რომ რუსეთი ემატება და საქართველო ერთი-ერთზე რჩება იმ ქვეყანასთან, სადაც ეროვნული ინტერესების დაცვა კიდევ უფრო გაძნელდება.გიორგი გოგუაძე: 3+3 ფორმატი არის რუსული გეგმის ნაწილი, რომელიც სახიფათო და საშიშია ჩვენთვის. ნებისმიერ მრავალმხრივ ფორმატში ჩართულობა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოებასთან, კატეგორიულად არ შეიძლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე. ეს არის ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წითელი ხაზი. ჩვენ არ შეიძლება ასე პირისპირ, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე, ფორმატებში გვქონდეს მსჯელობა. მეორეც, პარადოქსულია, როგორ შეიძლება სხვა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტებზე იმსჯელო იმ მოთამაშესთან ერთად, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთი თვითონ არის დესტაბილიზაციის წყარო. როგორ შეიძლება ისაუბრო დესტაბილიზაციის წყაროსთან, იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ უსაფრთხოების გამოწვევებიდან და პრობლემებიდან. ჩემი აზრით, ამ ფორმატს საქართველოსთვის მომავალი არ უნდა ჰქონდეს.

თუ ამ ქვეყნების გაერთიანება ყველაზე მეტად შედის რუსეთის ინტერესში, რატომ დაიწყო ამ 3+3-ზე საუბარი და რატომ განიხილება ბოლო პერიოდში აქტიურად?

ზურაბ ბატიაშვილი: ეს არის რუსეთის ერთგვარი მცდელობა, შეკრას ანტიდასავლური კოალიცია რეგიონში, რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი და ირანი თავად არიან სანქციების ქვეშ და ღიად აქვთ გამოცხადებული, რომ დასავლეთი მათი მოწინააღმდეგეა. გარკვეული სანქციები ადევს და სირთულეები შეიმჩნევა თურქეთ - დასავლეთის ურთიერთობებზეც. ესეც ერთგვარი წრე არის. თურქეთი და აზერბაიჯანი, იმიტომ თანხმდება ამ ფორმატს, რომ ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებით თავს მყარად გრძნობენ. აზერბაიჯანის გვერდით ყოველთვის იყო, არის და იქნება თურქეთი. ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთის მხრივ ნატოს წევრია და მას რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის საფრთხე არ აქვს და ეძებს ურთიერთობის დალაგების მექანიზმებს სამეზობლოში. რაც შეეხება ირანს, ისიც თავს ძლიერად გრძნობს, არც მას ემუქრება პირდაპირი საფრთხე ეგზისტენციური რუსეთისგან და მასაც სურს ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის მიღება, რითაც შეეცდება სანქციებისა და იზოლაციის გარღვევას და პროექტებში ჩართვას, რისი ხელისშემშლელიც არის ამერიკის შეერთებული შტატები.

რჩება სომხეთი და საქართველო. რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ ამ ფორმატით და წინააღმდეგობის გაწევის რა ბერკეტი არსებობს?

ზურაბ ბატიაშვილი: საქართველოსა და სომხეთზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები რუსეთს ძალიან ბევრი აქვს - ოკუპირებული ტერიტორიები, ხშირი მუქარები. რუსეთი აკონტროლებს ყარაბაღსა და სომხეთთან დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორს, რომელიც ასევე ბერკეტად შეგვიძლია განვიხილოთ. ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი კორიდორის თემა, რომელსაც სომხეთში ზოგჯერ გზას უწოდებენ, აზერბაიჯანული მხარე კორიდორს - ესეც დამატებით ბერკეტად შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის მხრიდან, რადგან ეს გზაც სამმხრივი შეთანხმებით, რუსეთმა უნდა გააკონტროლოს. გარდა ამისა, რუსეთს აქვს დიდი ტრადიცია ეკონომიკური სანქციებისა და ბერკეტების პოლიტიკური მიზნით გამოყენების და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ.

ამ ფორმატით შეიძლება პრობლემის მოგვარება და საქართველოზე გავლენის მოხდენა?

გიორგი გოგუაძე: მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, არ არის საკითხი და სფერო, სადაც ცვლილებები არ გვაქვს. რა გავლენას ახდენს ეს კონფლიქტი რეგიონის სხვა წევრებზე, მათ შორის საქართველოზე, ეს მსჯელობის საგანია. დღეს რამდენიმე მიმართულებით მიდის ამ საკითხზე საუბარი.

1. ცვლის თუ არა გავლენას საქართველოზე, რუსეთისა და თურქეთის გაზრდილი პოზიციები- ვფიქრობ, რომ ცვლის. აძლევს დამატებით ბერკეტებს რუსეთის ფედერაციას, ჰქონდეს კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე და ამ კონფლიქტის რუკაზე ჰქონდეს საკუთარი წონა. ეს თურქეთისთვისაც ახალი შესაძლებლობებია.

2. სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით იცვლება თუ არა საქართველოსთვის რაიმე - ახალი კორიდორების გახსნის პერსპექტივა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გაჩნდა, საქართველოსთვის დამატებით რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ეკონომიკური ფუნქციური დატვირთვა არის სატრანზიტო ფუნქცია. თუ კი მას ეს ფუნქცია წაერთმევა, აისახება არამარტო ეკონომიკაზე, არამედ სტატუსზე, წონასა და ფუნქციაზე რეგიონში. ამიტომ, საქართველოსთვის ეს საკითხიც მნიშვნელოვანია.

ხედავთ თუ არა ყარაბაღის კონფლიქტის გაგრძელებას, იმ ვითარებით რაც დღეს საქართველოში გვაქვს?

ზურაბ ბატიაშვილი: რუსეთის დღის წესრიგი გასაგებია, მას სურს ძველი დიდების აღდგენა იმ ტერიტორიაზე, სადაც საბჭოთა კავშირი არსებობდა. ამას ვხედავთ მის ქმედებებში უკრაინასთან, ბელარუსთან მიმართებაში და რა თქმა უნდა კავკასიაში. აქ არის რეალურად ორი პუნქტი - უკრაინა და კავკასია.

გიორგი გოგუაძე: ომი არ არის ცალკე აღებული სამხედრო დაპირისპირება. ომი ძალიან ფართო პროცესია. მაგალითად, როგორი იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანის თაობებს შორის ურთიერთობა. ვიცით, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდები ხშირად იყრიან თავს საქართველოში - ზოგი სწავლობს, ზოგი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და ა.შ. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ, რომ სამხრეთ კავკასია უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად - ეს წარმოუდგენელია, როდესაც შენ ასეთი მძიმე, სტრესული და დეპრესიული ფონი გაქვს შენ სამეზობლოში. არის რაღაცეები, რაც საქართველოსთვის აშკარად ჩანს უკვე, თუ როგორი იქნება ეკონომიკური ზიანი, როგორი იქნება ახალი სამხედრო რბოლა სახელმწიფოებს შორის, მაგრამ არის ისეთი საკითხები, უფრო ღრმა, სოციალური და დემოგრაფიული მათ შორის, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ თავს იჩენს უახლოეს მომავალში.

პირველი, ეს არის ეკონომიკური ზიანი, როდესაც სამეზობლო კონფლიქტი გაქვს და პლუს შენ გაქვს კიდევ ოკუპირებული ტერიტორია, საინვესტიციო გარემო მაინცდამაინც გადასარევი არ არის.

რაც შეეხება სამხედრო ნაწილს - მართალია, შენს უშუალო სამეზობლოში ომი გქონდა და შენ ირიბი დამკვირვებელი იყავი, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების გარემო ამან დაამძიმა. გიწევს გადაახარისხო და გადაახალისო ყველაფერი, რაც მანამდე გქონდა - სამხედრო შეიარაღების გეგმიდან დაწყებული, თავდაცვის სტრატეგიით გაგრძელებული. ყველაზე მძიმე არის ეკონომიკური ნაწილი. თუ ის კორიდორები ამუშავდება, ეს ფაქტი თურქეთს პირდაპირ გზას გაუხსნის აზერბაიჯანთან და ა.შ., რაც ბუნებრივია საქართველოს ძალიან დიდ ტვირთბრუნვას წაართმევს. ეკონომიკურადაც მძიმეა ეს სიტუაცია ჩვენთვის.
რამდენად რეალურია ქართული მხარის განცხადება, რომ ითამაშებს სამშვიდობო როლს ამ კონფლიქტში?

გიორგი გოგუაძე: სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან, შესაბამისად ოფიციალური თბილისის პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული და იქითკენ მიმართული, რომ რომელიმე მხარეს არ გაუჩნდეს განცდა, თითქოს ვართ ამ პროცესში მხარე, რასაც ომის დროს პროპაგანდის მანქანა ცდილობდა. ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტში დაინტერესებული მხარე. ჩვენი ამოცანა და ინტერესი არის ერთადერთი, რომ ჩვენი მეზობლები არ იბრძოდნენ და ეს რეგიონი იყოს მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების სივრცე და არა ის სივრცე, სადაც ცალკე აღებული ყველა სახელმწიფო არის ერთმანეთთან დაპირისპირებული.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა 1 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 2 °C
img
თბილისი 8 °C
img
აბასთუმანი 0 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5302
RUB
RUB
100
4.2381
TRY
TRY
1
0.2291
USD
USD
1
3.1210
AMD
AMD
1000
6.3427
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.