რეგიონი
აზერბაიჯანის საზღვართან ბრძოლების შემდეგ, ერევანი მოსკოვს სამხედრო დახმარებას სთხოვს
სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს, დაეხმაროს სამხედრო თვალსაზრისით მას მერე, რაც აზერბაიჯანთან სასაზღვრო არეალში დაპირისპიერება მოხდა, ორივე მხარეს დაიღუპნენ და დაშავდნენ სამხედრო პირები.

სომხური და აზერბაიჯანული მხარეები სროლის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად დაღუპულების და დაჭრილების შესახებ. პრესსამსახურის ცნობით, 12 სომეხი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. სომხური მხარე ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგეს „ცოცხალი ძალის მხრივ დიდი ზარალი მიაყენა“. თავის მხრივ, სომხეთის არმიამ დაკარგა ორი საბრძოლო პოზიცია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად ორი აზერბაიჯანელი მეომარი დაიჭრა. ამავე უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 16 ნოემბერს თავდასხმა განახორციელა ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებში, არტილერიის გამოყენებით.

რადიო "თავისუფლების" სომხური სამსახური, გამოცემა „კომერსანტზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს, დაეხმაროს სუვერენიტეტის დაცვაში, როგორც ამას მათ შორის 1997 წელს დადებული შეთანხმება ითვალისწინებს. სომხეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, არმენ გრიგნორიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთისგან ელის დახმარებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. გრიგორიანის თქმით, საქმე ეხება სამხედრო დახმარებას, რათა ვითარება განიმუხტოს.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ მის ტერიტორიას და მოსაზღვრე შვიდ რაიონს სომხეთის ძალები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან.

ამ ხნის განმავლობაში, მხარეებს შორის დროდადრო ყოველთვის იყო მცირე შეტაკებები, მაგრამ შარშან სექტემბერში აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბის სამხედრო იერიში წამოიწყო და ხელში ჩაიგდო მთიანი ყარაბაღის მოზრდილი ტერიტორია და მისი მოსაზღვრე რაიონები.

10 ნოემბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.

ახლანდელი გამწვავება საზღვრისპირა არეალებში ყველაზე სერიოზული ინციდენტია 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ.
| Print |