,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის გამართვის ადგილად ვალეს შერჩევის ერთ–ერთი მიზეზი, პირველი ტურის შედეგები იყო. ვალეს ყველა უბანზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, მმართველი პარტიის კანდიდატზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. გიორგი კოპაძემ პირველი ტურის შედეგი მედიასთან პირველად შეაფასა.
დავით სერგეენკომ, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრმა ხელისუფლების ერთ–ერთ გამოწვევად ვალეში სამედიცინო პუნქტის არარსებობა დაასახელა. იგი ვალელებს დაპირდა, რომ არჩევნების შემდეგ, ეს პრობლემა გადაიჭრება. სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის პრობლემა, რომელზეც ახალი ხელისუფლება იმუშავებს, მედიკამენტების ფასები და უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებებია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მოსახლეობის ერთ–ერთ მთავარ პრობლემაზე – მოსავლის რეალიზაციაზე გაამახვილა ყურადღება. გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით, ხელისუფლების ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარი დეპუტატი, მათი გუნდის წევრი იყოს. მინისტრის მოადგილემ პირველი ტურის შედეგის მიზეზებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საჯარო მოხელეები, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები და სხვადასხვა სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
30 ოქტომბერს ერთად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება, ეს არის ჩვენი ვალი – ამ სიტყვებით მიმართა ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალეში შეკრებილ მოსახლეობას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მეორე ტურში, ,,ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს.