რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაიწყო - დმიტრო კულება
დაიწყო რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური კორპუსი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული“- განაცხადა კულებამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინული დიპლომატიის ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან.
რა არის SWIFT-ი?
SWIFT – აბრევიატურა ასე იშიფრება: მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება. ორგანიზაცია 1973 წელს დაარსდა და, დღესდღეობით, 11 000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოიყენება იმისთვის, რომ უსაფრთხო შეტყობინებები და საგადახდო დავალებები გაგზავნოს. SWIFT-ი დღეს მსოფლიოში ბანკთაშორისი გადახდების უმთავრესი პროვაიდერია.
2021 წლის განმავლობაში SWIFT-ი დღეში საშუალოდ 42 მილიონ ტრანზაქციას ემსახურებოდა, ამ ფინანსური ნაკადის 1.2 რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობდა.
რუსეთის SWIFT-იდან გაირიცხვის შემდეგ, ფინანსური ინსტიტუტებისთვის ქვეყანაში ან ქვეყნიდან ფულის გაგზავნა თითქმის შეუძლებელი გახდება.
SWIFT-ის სათაო ოფისი ბელგიაში არის განთავსებული და როგორც იურიდიული პირი ბელგიის კანონმდებლობით არის დაფუძნებული. მას 25 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო მართავს; ეს ოცდახუთი წევრი წარმოადგენს იმ ქვეყნებს, რომლებიც SWIFT-ის სერვისის ძირითადი მომხმარებელია. SWIFT-ის აქციონერია 3,500 ფინანსური ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.
SWIFT-ი არის როგორც – ბელგიის სამეფოს ცენტრალური ბანკის, ასევე ევროპის ცენტალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.
2012 წელს ირანის ბირთვული პროგრამის სანქციების ფარგლებში, აშშ-მა ევროკავშირი და მისი სხვა პარტნიორები დაარწმუნა, რომ ირანი SWIFT-იდან უნდა გათიშულიყო, რამაც ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.