რეგიონი
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიების თანამშრომელ ქალებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს უნდა დაეცვა უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა, ისევე როგორც საკუთარი ინტერესები.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს სურდა უკრაინის "დემილიტარიზაცია", "დენაციფიკაცია" და ნეიტრალური სტატუსი.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.
მისივე თქმით, უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.
„ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო „სისუსტეს“ და „ერთობის არქონაში“ დაადანაშაულა, რადგან დასავლურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :