რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 112-ე დღეს
უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში, რომელზეც რუსები სრული კონტროლის დამყარებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები აზოტის ქიმიური კომბინატის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულნი და დანებებას არ აპირებენ. რუსულმა მხარემ მათ იარაღის დასაყრელად ვადა დღეს დილამდე მისცა.

აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარე მძიმე ბრძოლების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს კვლავ სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის აგრესიის პირისპირ მდგარ უკრაინას თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები სჭირდება, რასაც კიევი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ითხოვდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა და 579 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვისა და კიევის ოლქები მოსდევს.
| Print |