რეგიონი
"ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, 46-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან 33 საჰაერო თავდაცვითი სისტემა “რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. დანარჩენი ღია ადგილებში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

"ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ თავდასხმის დასაწყისია ისრაელის წინააღმდეგ.

თელ-ავივის მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარს ხსნის. საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ქალაქ სდეროთში, აშკელონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში და ხოლონშიც.  

"ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც გვემუქრება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამის პარალელურად, პალესტინური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელი ღაზას სამხრეთით ობიექტებზე საჰაერო იერიშს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების სამიზნე ისინი არიან, ვინც პასუხისმგებელია ვითარების გაუარესებაზე და არა ღაზა ან იქ მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის უფროსი მეთაური. მათ თქვეს, რომ საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა და თელ-ავივს დაარტყამდნენ.
| Print |