რეგიონი
ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კონგრესმენთა დელეგაციასთან ერთად ერევანში ჩავიდა. ეს არის სომხეთში პელოსის პირველი ვიზიტი, რომელიც დაემთხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ სასაზღვრო კონფლიქტს.

მას ზვარტნოცის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი დახვდნენ. ისაკოვის გამზირზე, სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს შენობასთან, პელოსს მოძრაობა „სასნა ცრერის“ წევრები დახვდნენ. მათ ხელში ეკავათ ამერიკის შეერთებული შტატების და სომხეთის დროშები.

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს. ისინი განიხილავენ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებას. სომხეთში ყოფნის დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრესკონფერენციას გამართავს.

ნენსი პელოსი ერევანში გერმანიიდან ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს პელოსის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტის გეგმების შესახებ არანაირი ცნობა არ გავრცელებულა.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი შეხვედრებს გამართავს მთავრობის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და
უსაფრთხოების სამხსახურების წარმომადგენლებთან.

„ჩვენ გადავცემთ შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმჯდომარის და სომხეთის დიდი ხნის მეგობრის მტკიცე და მუდმივ მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – დაწერა პელოსმა ტვიტერზე.

ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს 200 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
| Print |