რეგიონი
ზოგადად, ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ განხორციელების შემდეგ.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიციირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.

„ვაგრძელებთ სიტუაციისთვის თვალყურის ყურადღებით დევნას და ვაგრძელებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველი და მდგრადი გადაწყვეტის მხარდაჭერას“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ 2022 წლის 18 სექტემბერს სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება, რომელიც ამახინჯებს რეგიონში არსებულ სიტუაციას, ძალიან სამწუხაროა. პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ზოგადად, ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა პირდაპირ მეტყველებს ამაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი, როგორც ჩანს, პელოსი იყენებს ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ნენსი პელოსის განცხადება ხელს უშლის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას.

„ის, რაც ნენსი პელოსიმ სომხეთში განაცხადა, უნდა შეფასდეს, როგორც სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებული განცხადება. ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ დაძაბულობის გაზრდას“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ერევანში გუშინ ჩავიდა.
| Print |