რეგიონი
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, „ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“
საით გავიქცეთ რუსეთიდან ახლავე - ასეთი შინაარსის პოსტი ტელეგრამ არხზე „მედუზა live” მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვლადიმერ პუტინმა მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. პოსტი ორ ვერსიას შეიცავს: სად უნდა წავიდნენ რუსეთის მოქალაქეები, როდესაც აქვს საზღვარგარეთის პასპორტი და სად, როდესაც ის არ აქვთ.

პოსტის მიხედვით, საზზღვარგარეთის პასპორტიან რუსეთის მოქალაქეებს, ყველაზე დიდხანს, 360 დღის განმავლობაში, საქართველოში შეუძლიათ დარჩნენ, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ხშირად მათ ქვეყანაში შესვლისას პრობლემები ექმნებათ, ასევე შეუძლიათ წავიდნენ მექსიკაში, ინდოეთში, ეგვიპტეში, ტაილანდში და სხვა. 

იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთის პასპორტი არ აქვთ, რუსეთის მოქალაქეებს წასვლა სომხეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში შეუძლიათ.

პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა. როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვიდან სტამბულის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, უახლოესი პერიოდისთვის „ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“. როგორც მედია წერს, 23-24 სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მობილიზაცის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. მათ, ვინც გაწვევას მიიღებენ, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ.

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. 

bnp.ge
| Print |