რეგიონი
უკრაინამ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მკვლელობა სცადა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ იზიუმში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მკვლელობა სცადა.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ოფიციალურმა კიევმა აღიარა გერასიმოვის მკვლელობის მცდელობა.

ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ლიკვიდაციას იზიუმში ვიზიტის დროს ცდილობდნენ.

„გერასიმოვი იზიუმში იყო და ჩვენ ვგეგმავდით მის ლიკვიდაციას” , - განუცხადა არესტოვიჩმა ჟურნალისტს.

ამერიკული გამოცემა The New York Times წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა სცადეს უკრაინული მხარისთვის ხელი შეეშალათ გერასიმოვის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

როგორც NYT-ის სტატიაშია აღნიშნული, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შეიტყვეს, რუსი გენერლის უკრაინაში ფრონტის ხაზზე დაგეგმილი ვიზიტის შესახებ და სცადეს უკრაინული მხარისთვის აღნიშნული ინფორმაცია დაემალა, რადგან შიშობდნენ, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას შესაძლოა, ომი გამოეწვია შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის.

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ევაკუაცია უკრაინიდან მიმდინარე წლის აპრილ-მაისში განხორციელდა, მას შემდეგ რაც ის დაჭრეს.
| Print |