რეგიონი
რუსულმა ძალებმა შობის დღეს უკრაინას 40-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა მიაყენეს
რუსულმა ძალებმა შობის დღეს უკრაინის წინააღმდეგ 40-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ათობით ქალაქი დაბომბეს.

ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ხერსონის მიმართულებით რუსული ძალები აგრძელებენ მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე დასახლებული ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 25 დეკემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის. მან მოლაპარაკებების ჩაგდებაში უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინი უნდა დაბრუნდეს რეალობაში და აღიაროს, რომ რუსეთს მოლაპარაკება არ სურს.
| Print |