რეგიონი
თბილისურ პლატფორმას განვიხილავთ სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი შეხვედრებისთვის - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სომხეთი დიდი ინტერეს ავლენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი დიალოგის განვითარების საკითხში. ერევანი შესაძლო თბილისურ პლატფორმას განიხილავს სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი შეხვედრებისთვის. ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

მირზოიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, სადაც ალიევმა აღნიშნა, რომ ერევანი მზად არ არის თბილისში გასამართი შეხვედრისთვის.

"ახლა ცირკულირებს სომხეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის იდეა. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და ახლაც მზად არის ასეთი შეხვედრისთვის, თუმცა დამეთანხმეთ, რომ ის არ გამოიყურება განსაკუთრებულად ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია სიძულვილის ენისა და მტრობის ენის აღმოფხვრისადმი ერთგულების გამომხატველი მარტივი ერთობლივი განცხადების შეთანხმებაც
,"- განაცხადა მირზოიანმა.

სომეხი დიპლომატი ასევე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონულ მექანიზმებში და ითანამშრომლებს ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან.

"სომხეთი უპირობოდ დაინტერესებულია რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სრული განბლოკვით 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი დეკლარაციების პრინციპების შესაბამისად, უფრო მსხვილი სატრანსპორტო პროექტების ფარგლებში. თქვენ ალბათ იცით, რომ პროექტი "სომხური გზაჯვარედინი" სომხეთის მთავრობამ წარადგინა ჩრდილოეთი-სამხრეთის და აღმოსავლეთი-დასავლეთის მექანიზმების გაერთიანების გზით.

ჩვენი შეთავაზებები რეგიონული კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით ძალაში რჩება და ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ ნებისმიერ დროს, გზებზე ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის და ეროვნული კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში. არსებითად, აქ ერთადერთ და მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი უსაფუძვლო მოთხოვნა ექსტერიტორიული დერეფნის შესახებ,
"-აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
| Print |