რეგიონი
თურქეთსა და სომხეთს შორის სასაზღვრო პუნქტი გაიხსნა
ავტომანქანა ჰუმანიტარული ტვირთით სომხეთის და თურქეთის საზღვარზე. 11 თებერვალი. 2023 წელი

Reuters-ის ცნობით, 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა სასაზღვრო კარიბჭე მტრულად განწყობილ ორ ქვეყანას, თურქეთსა და სომხეთს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სამხრეთ თურქეთში დაზარალებულებისთვის დახმარების მიწოდება. ამის შესახებ იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თურქეთის საგანგებო წარმომადგენელმა სომხეთთან მოლაპარაკებაზე, სერდარ ქილიჩმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს როგორ კვეთენ სატვირთო მანქანები ალიკანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტს მდინარე არაქსზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას ყოფს.

"მე ყოველთვის მემახსოვრება სომხეთის ხალხის მიერ გამოგზავნილი ეს გულუხვი დახმარება ჩვენი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის რეგიონში" - თქვა ქილიჩმა და მადლობა გადაუხადა სომხეთის ოფიციალურ პირებს.

Anadolu-ს ცნობით, ბოლოს ეს გამშვები პუნქტი გადაიკვეთა თურქული "წითელი ნახევარმთვარის" დახმარების გასაგზავნად სომხეთის 1988 წლის მიწისძვრის დროს.

გასულ წელს თურქი და სომეხი ლიდერები არაოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს ევროპულ სამიტზე, მათი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრების მიზანია ათწლეულების მტრობის გამოსწორების მცდელობა.
ანკარას 1990-იანი წლების შემდეგ სომხეთთან არ ჰქონია დიპლომატიური ან კომერციული კავშირები. მათ უთანხმოება აქვთ, პირველ რიგში, იმ 1.5 მილიონი ადამიანის გამო, რომლებიც, სომხეთის თქმით, 1915 წელს დახოცეს ოსმალეთის იმპერიაში. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მრავალი სომეხი დაიღუპა ოსმალეთის ჯარებთან შეტაკებისას პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ აცხადებს, რომ მათი რიცხვი საკამათოა და უარყოფს, რომ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
| Print |