რეგიონი
რუსულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის გრიანიკოვკას, სინკოვკას, ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპოპოვკას, კრემენაიას და დონეცკის ოლქის ვიიმკას, ფედოროვკას, დუბოვო-ვასილივკას, როზდოლოვკას, პარასკოვიევკას, ბერხოვკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, ჩასოვ იარის, ვესელეს, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილივკას და ვუჰლედარის დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ხმელნიცკის მერის, ალექსანდრ სიმჩიშინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქი დაბომბეს. მისი თქმით, ორი ადამიანი დაშავდა, 10-მდე მაღალსართულიანი შენობა კი დაზიანდა.

"დაზიანებულია 3 სასწავლო დაწესებულება და 10-მდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არის ორი დაშავებული", - თქვა ხმელნიცკის მერმა.

ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის თქმით, მტერმა ქალაქ ხმელნიცკიზე ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ერთო სამხედრო ობიექტს მოხვდა, მეორე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ჩამოვარდა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 142 270 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
| Print |