რეგიონი
სომხეთის და აზერბაიჯანის შეტაკების შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 12 აპრილს განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წუხელ შენარჩუნებული იყო და ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია. სამინისტროს თანახმად, 11 აპრილს, აზერბაიჯანის პროვოკაციის შედეგად, სომხურ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს. თავის მხრივ, პროვოკაციაში სომხეთს ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

11 აპრილს შეტაკება მოხდა ლაჩინის დერეფნის მახლობლად, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში. თეღს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 2020 წლის ომის შემდეგ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
| Print |