რეგიონი
სააღდგომო წირვას ვლადიმერ პუტინი მარტო დაესწრო
ვლადიმერ პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო. მსახურებას მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქი კირილი ატარებდა, რომელმაც კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მხარი მტკიცედ დაუჭირა.

პრეზიდენტი პუტინი ეკლესიაში ხალხისგან განცალკევებით, ხელში ანთებული წითელი სანთლით იდგა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 16 აპრილს, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება სრულდება.

აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და წელს ის 16 აპრილსაა.
| Print |
თეგები: აღდგომა / პუტინი /