რეგიონი
300 წლის შემდეგ, კიევ- პეჩერის ლავრის ტაძარში, სააღდგომო წირვა უკრაინულ ენაზე აღევლინა
300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ -პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინა.

წირვა ლავრის ვიკარის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა ავრაამმა ჩაატარა.

გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. კომენდანტის საათის გამო, მრევლს ღამის წირვაზე დასწრების უფლება იმ პირობით მისცეს, რომ დილამდე ეკლესიებში დარჩებოდნენ.

წმინდა ცეცხლი ჯერ ლუცკის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, შემდეგ კი ყველა ეკლესიაში გაავრცელეს.

სააღდგომო წირვა ვერ ჩატარდა ზაპოროჟიეს ოლქში, რადგან რუსებმა აღდგომის ღამეს ეკლესია დაბომბეს. 1906 წელს აშენებული, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი მთლიანად განადგურდა. თემის თავმჯდომარის, იური კარპეტიანის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სოფელ კამიშევაზე S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დაბომბვის დროს ტაძარში არავინ იმყოფებოდა, რადგან მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინა დღეს გადაწყდა, რომ სააღდგომო მსახურება არ ჩატარდებოდა.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რაკეტამ დაანგრია და დააზიანა ახლოს მდებარე სახლები. დაშავებულია 2 ადამიანი.
| Print |