რეგიონი
დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანში გავგზავნეთ, მზად ვარ ხელი მოვაწერო დღესვე - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზად არის ხელი მოაწეროს ერევნის მიერ ბაქოსთვის წარდგენილ სამშვიდობო ხელშეკრულებას.

„დოკუმენტს, რომელიც მზად ვართ გაჩვენოთ და რომელიც აზერბაიჯანში გავგზავნეთ, მზად ვარ ხელი მოვაწერო დღესვე. სხვა საქმეა, რომ აზერბაიჯანი არ იღებს ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტს“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისადმი მიმართვისას.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ოპოზიციამ გააკრიტიკა სომხეთის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომაზე მოეწერა ხელი, მაგრამ ყველა დასაბუთება, რომელიც დაკავშირებულია ლაჩინის დერეფნის ფუნქციონირებასთან, ყარაბაღთან, კონტაქტის ხაზთან, რეგიონულ კომუნიკაციებთან, პატიმრების პრობლემასთან - სწორედ ამ განცხადებას ეფუძნება.

„სხვა საქმეა, რომ ის არ ხორციელდება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ასეთ ვითარებას”, - განაცხადა ფაშინიანმა.
| Print |