რეგიონი
რა ვითარებაა უკრაინაში ომის 427-ე დღეს?
უკრაინაში ომის 427-ე დღეს რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს. დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. ქვემეხებითა და არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი ოკუპანტებმა სუმის ოლქის 4 დასახლებას. აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ზაპოროჟიას ოლქშიც, სადაც ოკუპანტებმა თავდასხმა კამიკაძე დრონებით განახორციელეს.

საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. რუსული აგრესიის სამიზნეში მოექცა ქალაქი კუპიანსკი. სარაკეტო თავდასხმისას, ქალაქის ცენტრი და მუზეუმი დაზიანდა. განსაკუთრებით აქტიურია ბრძოლა ბახმუტისთვის. რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ბახმუტში დაჯგუფება „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები გაგზავნა.

პარალელურად კიევი მოუწოდებს მსოფლიოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს. პარალელურად, დასავლეთი კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას განაგრძობს - დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას "ჩელენჯერ-2"-ის ტანკებისთვის ათასობით საბრძოლო მასალა გაუგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წააგოს, რადგან არ შეიძლება მსოფლიოს სხვა მიზანი ჰქონდეს.
| Print |