რეგიონი
უკრაინელებმა 54-დან 52 რუსული დრონი ჩამოაგდეს
დღეს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების Shahed-136/131-ის დრონებით იერიში მიიტანა.

მედიის ცნობით, თავდასხმა რუსეთის ბრიანსკისა და კრასნოდარის რეგიონებიდან განხორციელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რაც რეკორდული რაოდენობაა.

უკრაინული მხარის ცნობითვე, რუსებმა შეტევა განახორციელეს ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინულმა ძალებმა 52 Shahed-136/131-ის დრონის ჩამოგდება მოახერხეს. დღევანდელი იერიშების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა.

კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს. უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნავს.
| Print |