რეგიონი
პრიგოჟინი და უტკინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ
რუსული მედია TASS Rosaviatsia-ზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. მედიის განცხადებით, Rosaviatsia-მ გამოაქვეყნა ბორტზე მყოფი მგზავრების სია და მათ შორის ვაგნერის მეთაურებიც არიან.

ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

TASS-ის ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პრიგოჟინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,ღირს ლოდინი, სანამ ომის ნისლი გაიფანტება... ამასობაში, აშკარაა, რომ პუტინი არავის აპატიებს თავის ცხოველურ ტერორს. სწორედ მან დააბრუნა ის ნულამდე 2023 წლის ივნისში. და ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი მოაწერა იმ მომენტში, როცა ლუკაშენკას უცნაური "გარანტიები" და პუტინის ერთნაირად აბსურდული "პატივისცემის" დაუჯერა.

გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პრიგოჟინისა და ვაგნერის გუნდის დაუმორჩილებელი განადგურება არის პუტინის სიგნალი რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ. "ფრთხილად! ორგულობა სიკვდილს უდრის". მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის: არ იარსებებენ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირები". თუ ეს არ იქნება უკრაინის ტრიბუნალი, მაშინ ეს იქნება FSB-ის ტყვია, - წერს პოდოლიაკი.
| Print |