რეგიონი
ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მიზნები გასაგებია - „ჰამასის“ სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება”. ასევე, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტების მიერ.

გარდა ამისა, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ყველაფერი კეთდება მძევლების დასაბრუნებლად.

,,ჩვენ გავაკეთებთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მძევლები სახლში დავაბრუნოთ. ეს არის სახმელეთო ოპერაციის მიზნების განუყოფელი ნაწილი. ჩემი აზრით მთავარია ზეწოლა. რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია შანსებიც," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში 450 ობიექტს დაარტყეს. სამიზნე "ჰამასის" სამეთაურო პუნქტები და შეკრების ადგილები იყო.

,,არმიის დანაყოფები მანევრირებენ ღაზას ტერიტორიაზე და უტევენ "ჰამასის" პოზიციებს ყველგან, მათ შორის, მიწაზე და მიწის ქვეშაც, ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან. ეს არ არის სრულმასშტაბიანი ოპერაცია, თუმცა ჩვენ ვახორციელებთ შედარებით მცირე მასშტაბის მიზანმიმართულ დარტყმებს ავიაციის ჩართულობით," - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ დასაწყისი ეტაპი მასიური საჰაერო კამპანია იყო, “რათა საშუალება მიგვეცა ჩვენი სახმელეთო ჯარებისთვის, რაც შეიძლება უფრო უსაფრთხოდ ემოქმედათ“.ისრაელი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს",- ამის შესახებ კი ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

„ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები”, -  აღნიშნა ჰაგარმა.

მისი თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას, რადგან „ჰამასი“ ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს.
| Print |