რეგიონი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 32-ე დღეს
ღაზის სექტორში ისრაელ-„ჰამასის“ ომი გრძელდება. ისრაელი დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დღითიდღე ააქტიურებს და აცხადებს, რომ არმია ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე წარმატებით მიიწევს წინ და ჰამასის საყრდენ პუნქტებს უახლოვდება.

დაჯგუფებას ებრძვიან ხმელეთიდან, ჰაერიდან და წყლიდან. გრძელდება ღაზის სექტორიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. „ცაჰალმა“ ორდღიანი პაუზის შემდეგ რაფაჰის გამშვები პუნქტი რამდენიმე საათით გახსნა. მოსახლეობას ანკლავის დატოვების საშუალება დღესაც მიეცემა.

„გასული დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციები ძალიან შთამბეჭდავი იყო. საჰაერო და სახმელეთო ძალების შერწყმა ღაზის სექტორს არყევს. „ჰამასის“ ლიდერი თავის ბუნკერში იმალება და ნებას აძლევს მეთაურებს, დაიხოცონ. ჩვენთან კი მეთაურები ჩვენთან ერთად მოდიან ფრონტზე, ხელმძღვანელობენ და წარმატებას აღწევენ“, - განაცხადა ისრაელის თავადაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
| Print |