რეგიონი
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლებას ითვალისწინებს, „ჰამასიც“ მიესალმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი შეთანხმების მიღების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდა.
| Print |