რეგიონი
სენატში შეთანხმდნენ 118 მილიარდიან პაკეტზე - რას მოხმარდება თანხა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის და ისრაელის დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. ორპარტიული შეთანხმების ტექსტი სენატის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნდა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. მან შეთანხმებულ პროექტს რესპუბლიკელებისთვის მომგებიანი უწოდა. დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვარაუდობს, რომ პირველი კენჭისყრა ამ კვირის ოთხშაბათს გაიმართება.

ფინანსური პაკეტი 118 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ თანხიდან 60 მილიარდზე მეტი განკუთვნილია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასისთვის და 20 მილიარდზე მეტი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვისთვის. ფინანსური პაკეტით, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გათვალისწინებულია წითელ ზღვაში აშშ-ის ოპერაციისთვის იემენელი მეამბოხეების წინააღმდეგ და თითქმის 5 მილიარდი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების პარტნიორების(ტაივანი) დასახმარებლად.

სავარაუდოა, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდება რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონსერვატორი რესპუბლიკელები მექსიკასთან საზღვარზე ზომების უკიდურესად გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ და დემოკრატების წინადადებებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სენატში განხილულ კომპრომისულ ვარიანტს მკვდრადშობილი უწოდა. დოკუმენტის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა დონალდ ტრამპმაც, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.
| Print |