რეგიონი
ახალი გერბი არარატის, ნოეს კიდობნისა და წარღვნის გარეშე - სომხეთის პატრიარქი ცვლილებებს ეწინააღმდეგება
სომხეთის სამოციქულო ეკლესია და მისი წინამძღვალი, პატრიარქი გარეგინ II ეწინააღმდეგებიან სომხეთის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს. სომხეთის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, საეკლესიო კრებამ, რომელსაც გარეგინ II ხელმძღვანელობს, 24 თებერვალს დახურული განხილვის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ახალი კონსტიტუციის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საგარეო ზეწოლის შედეგია, უკიდურესად შემაშფოთებელია“.

სომხეთში სახელმწიფო ჰიმნის, გერბისა და კონსტიტუციის შეცვლას განიხილავენ.

შესაძლოა, გერბიდან არარატის მთა გაქრეს, ჰიმნი შეიცვალოს, კონსტიტუციას კი ჩამოსცილდეს პრეამბულა, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება. ამ იდეის უკან ოპოზიცია აზერბაიჯანისა და თურქეთის „ზეწოლას“ ხედავს, თუმცა ხელისუფლება ამას უარყოფს და ამბობს, რომ სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება, რომელიც უკეთ მოერგება „ახალ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ გარემოებებს“.

სომხური სამოციქულო ეკლესია არაერთ საკითხში ეწინააღმდეგება ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას, რომელიც ბოლო პერიოდში მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს და საგარეო პოლიტიკის „დივერსიფიკაციის“ საჭიროებაზე საუბრობს.

სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნიც და გერბიც 1918-20 წლებში არსებული სომხეთის პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობაა. 1991 წელს, როდესაც პირველმა პოსტსაბჭოურმა პარლამენტმა გერბი და ჰიმნი დაამტკიცა, 70 წლის წინანდელი ვერსიები მხოლოდ მცირედით შეცვალა. ჰიმნის ტექსტის ავტორი მიქაელ ნალბანდიანია, მე-19 საუკუნის სომეხი მწერალი, ტექსტი კი ბარსეღ განაჩიანს ეკუთვნის, ლიბანში ემიგრირებულ სომეხ კომპოზიტორს.

პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ტელეგრამზე პოსტში სომხეთის ჰიმნს „უცხოური“ უწოდა და დაწერა, ის ერთმნიშვნელოვნად „სომხურმა“ ჰიმნმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც „ჩვენი სახელმწიფოსა და სომხური მუსიკის შესაბამისი“ იქნებაო.

სომხეთის გერბი შედგება ჰერალდიკური ფარის, ფარმჭერი ლომისა და არწივისაგან, - ეს უძველესი სომხური სიმბოლოებია, რომლებსაც სომხეთის სამეფო დინასტიები იყენებდნენ.
გერბის დანარჩენი ელემენტების სიმბოლური მნიშვნელობა კი ასეთია:

ხმალი
- რომელიც ჯაჭვებს ამსხვრევს, ერის ძალისა და ძლევამოსილების სიმბოლოა;
გატეხილი ჯაჭვი - სომეხი ერის უდრეკობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოსაპოვებლად;
ხორბლის თავთავები - სომეხთა მძიმე შრომის ნიშნად;
ბუმბული - კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა;
ლენტი - დროშის ფერები.

| Print |