რეგიონი
"თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება" - აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი
"კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება" - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლეონ პანეტა, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ვფიქრობ ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება" - აცხადებს პანეტა

რა საფრთხეები ახლავს თან ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს პანეტა გამოცემას პასუხობს, რომ "[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში".

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს "არ შეუძლია დაუშვას", ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს.

„საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით“, - აცხადებს პანეტა.

ლეონ პანეტა, აშშ-ის თავდაცვის 23-ე მდივანია და ის ამ თანამდებობას, 2011 წლის ივლისიდან, 2013 წლის თებერვლამდე იკავებდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წელს, პანეტა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს პირადად შეხვდა და გაწეული მსხვერპლისა და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ჰელმანდში, „შუკვანის“ სამხედრო ბაზაზე შეხვედრის გახსენებისას, თავდაცვის ყოფილი მდივანი ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები, საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შორის, განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.
| Print |