რეგიონი
სომხეთში, რუსულ საბანკო ბარათებს „მირი“ დაბლოკავენ
სომხეთის ბანკების უმრავლესობა შეწყვეტს რუსული საგადასახადო სისტემის, „მირის" მომსახურებას და მისი საბანკო ბარათების მიღებას. ამ სისტემის ოპერატორი აშშ-ის მიერაა სანქცირებული უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.

მედიაჯგუფ РБК-ს წყაროთა ცნობით, 2024 წლის 30 მარტიდან სომხეთის ბანკების ბანკომატები და POS-ტერმინალები ამ რუსულ ბარათებს აღარ მიიღებენ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ რუსული ВТБ-ს შვილობილი ბანკი.

აშშ-ის მიერ რუსული საგადასახადო სისტემა „მირისთვის" დაწესებული სანქციის შეუსრულებლობა მისი დამრღვევების წინააღმდეგ „მეორად სანქციებს“ იწვევს. ამ საფრთხის გამო, ქვეყნების უმრავლესობამ, სადაც სისტემა მოქმედებდა, მის მომსახურებაზე უარი თქვა. გამონაკლისებს შორის არიან ბელარუსი, ვენესუელა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.

2022 წლიდან, როცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი დატოვეს Visa-მ და Mastercard-მა, რუსეთის მოქალაქეებს საბანკო საგადასახადო სისტემებიდან „მირის" გარდა, დარჩათ ჩინური UnionPay.

რუსეთის საბანკო საგადასახადო სისტემა „მირი“ აშშ-ის მიერაა სანქცირებული უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.
| Print |
თეგები: რუსეთი / სომხეთი /