ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, სამი მთავარი პრიორიტეტის დასახელება ვთხოვეთ. საკითხები, რომელზე მუშაობასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.
სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ,,თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის პრიორიტეტი, ეკოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტაციაა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ამბობს, რომ მისი ახლანდელი პრიორიტეტები, უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უნდა შესრულებულიყო. ვაჟა ჩიტაშვილი დაპირებების შესრულებას, საგადასახადო სისტემის რეფორმითა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით აპირებს.
ბიზნესის განვითარება, სასამართლო რეფორმა და საბიუჯეტო თანხების სწორი გადანაწილება სფეროებზე – ამ გზებით აპირებს მისი პრიორიტეტების განხორციელებას ნუგზარ პარუნაშვილი. ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის იბრძვის.
,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მის მიერ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებისას, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, დეპუტატების სრული მხარდაჭერა ექნება. კობა გორგოძე პარტიის მთავარ უპირატესობად, ძლიერ ეკონომიკურ გუნდსა და პროგრამას ასახელებს, რომლის განხორციელება სოციალურ საკითხებსა და უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებს.
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ამბობს, რომ მისი დასახელებული სოციალური და ეკონომიკური პრიორიტეტების შესრულება, არაერთი გზითაა შესაძლებელი. ბესიკ ხითარიშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს ფონდებისა და ინვესტორებისგან, პროექტების განსახორციელებელი თანხების მოძიება უნდა შეეძლოს.
თითოეული კანდიდატი ამბობს, რომ მათ მიერ დასახელებული საკითხები, მოსახლეობის პრობლემებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. რა საკითხებზე უნდა იმუშაოს ახალი მოწვევის პარლამენტმა – ამ კითხვით ადგილობრივებს მივმართეთ.
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ამ დროისთვის რვა კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. მათგან ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ბლოკი ,,თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ დეპუტატებმა პრიორიტეტები იმ მიზეზით არ დაასახელეს, რომ რეგიონში არ იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნებაში“ კომენტარზე უარი, გიორგი კოპაძის მოუცლელობით ახსნეს.